ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჰელმუთ ფრიზი
ჰელმუთ ფრიზი არის ქირურგიული კლინიკის დირექტორი მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტში. მისი ძირითადი კვლევითი ინტერესები მოიცავს პანკრეასის დაავადებების მოლეკულურ და კლინიკურ ასპექტებს. მან მედიცინის დოქტორის ხარისხი მიიღო ულმის უნივერსიტეტში (დირექტორი, პროფესორი ჰ. გ. ბეგერი) და 1992 წლიდან 1993 წლამდე პოსტდოქტორული სწავლება გაიარა პროფესორ მიურეი კორკის ლაბორატორიაში კალიფორნიის უნივერსიტეტში, აშშ. მისი ჰაბილიტაცია მოხდა ბერნის უნივერსიტეტში, შვეიცარია, 1998 წელს, ვისცერული და ტრანსპლანტაციური ქირურგიის განყოფილებაში (დირექტორი, პროფესორი მ. ვ. ბიუხლერი). 2001 წლიდან 2007 წლამდე მუშაობდა ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის კლინიკის ვიცე-დირექტორად (დირექტორი, პროფესორი მ. ვ. ბიუხლერი). მას გამოქვეყნებული აქვს 1300-ზე მეტი სტატია სამეცნიერო ჟურნალებში, მიღებული აქვს რამდენიმე ჯილდო (მაგალითად, დოქტორ ჰელა ბიულერის პრემია ონკოლოგიური კვლევისთვის) და არის უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის რ.ე. კავეცკის ექსპერიმენტული პათოლოგიის, ონკოლოგიისა და რადიობიოლოგიის ინსტიტუტის საპატიო პროფესორი. მისი ამჟამინდელი H-ინდექსი 125-ია (2023 წლის 19 იანვარი). პროფ. ფრიზი არის ევროპის დიგესტიური ქირურგიის (EDS) ერთ-ერთი დამფუძნებელი და საბჭოს წევრი.
კვანგ ვუნგ ლი
მედიცინის დოქტორს, პროფესორ კვანგ ვუნგ ლის დამთავრებული აქვს სეულის ეროვნული უნივერსიტეტი. მუშაობდა ღვიძლის ქირურგად და ტრანსპლანტოლოგად სამხრეთ კორეის სამსუნგის სამედიცინო და კიბოს ეროვნულ ცენტრებში. იყო ჯონს ჰოპკინსის საუნივერსიტეტო კლინიკის კონსულტანტი. ამჟამად სეულის ეროვნული უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლისა და საუნივერსიტეტო კლინიკის პროფესორია. ასევე არის ჰეპატო-პანკრეატო-ბილიარული ქირურგიის განყოფილების უფროსი, სეულის ეროვნული საუნივერსიტეტო კლინიკის ჯანდაცვის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი და გლობალური დაგეგმვის და განვითარების ვიცე-პრეზიდენტი. მისი ძირითადი სამედიცინო მიმართულებაა ზოგადი ქირურგია და ტრანსპლანტოლოგია. პროფესორი ლი არის აღიარებული მსოფლიო ექსპერტი ღვიძლის ტრანსპლანტოლოგიაში. კარიერის მანძილზე ჩატარებული აქვს 1000-ზე მეტი ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია, მათ შორის 150-ზე მეტი კორეის გარეთ. საქართველოში ქართველ კოლეგებთან ერთად პროფესორ ლის ჩატარებული აქვს 14 ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია – ყველა წარმატებული.
პროფესორის სამეცნიერო მოღვაწეობა მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორებიცაა: ჰეპატოციტების ტრანსპლანტაცია, გენების გადაცემა, კიბოს ღეროვანი უჯრედები, იმუნოსუპრესორული აგენტების კვლევა, სანაღვლე გზების იშემია, პოლიმორფიზმი და სხვ. მის მიერ შემუშავებულია მრავალი ინოვაციური ტექნიკა ღვიძლის ტრანსპლანტაციის შემდგომი ბილიარული გართულებების შესამცირებლად.